ბაია პატარაიას ქმარი ჭურჭელს ურეცხავს და პასკებს უცხობს » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

ბაია პატარაიას ქმარი ჭურჭელს ურეცხავს და პასკებს უცხობს

image
კავშირ “საფარის” ხელმძღვანელის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიას ცხოვრებაში სამი მთავარი მამაკაცია – მამა, ქმარი და 10 წლის ვაჟი.

ამბობს, რომ მის ოჯახში მამაკაცს ქალი არასოდეს დაუჩაგრავს.

ბაია პატარაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ბუდაპეშტშიც ისწავლა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2009-2013 წლებში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. “საფარს” კი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

გთავაზობთ ჟურნალ "სარკეს" ინტერვიუს ამონარიდს ბაია პატარაიასთან.

სახლში, ქმართან გიწევთ საკუთარი უფლებების დაცვა?

– საკუთარი უფლებების დაცვა ჯერ საკუთარ ოჯახში უნდა დაიწყო და მერე გარეთ. თუ საკუთარ ოჯახში გაქვს პრობლემა და გაკონტროლებენ, სად იმუშაო, სად წახვიდე ან არ წახვიდე, რა ისაუბრო საჯაროდ, რა ჩაიცვა, სხვის უფლებებს ვერ დაიცავ.

ჩემი უფლებების დაცვა ქმართან ნაკლებად დამჭირდა. მამასთან უფრო მჭირდებოდა რაღაცების მტკიცება, რადგან ტრადიციული ღირებულებების მქონე კაცი იყო და გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა უფრო გვაქვს კონსენსუსი, მაგრამ, როცა მამასთან ერთად ვცხოვრობდი, ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით.

რაც შეეხება ქმარს, ისეთი ადამიანი ავარჩიე, რომელიც იზიარებდა ჩემს აზრებს და შემდგომ აღარაფრის მტკიცება იყო საჭირო. კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ადამიანების თანაცხოვრება თავიდან ცოტა რთულია, სანამ ერთმანეთის ჩვევებს შეეგუებით.

– რა გაგიჭირდათ?

– მაგალითად, ოჯახში შრომის განაწილების საკითხი. ჩემს ქმარს არასოდეს უთქვამს, მე არაფერს გავაკეთებ და ყველაფერი შენ უნდა აკეთოო, დედამისსაც ეხმარებოდა, მაგრამ ძალიან არ მიყვარს ჭურჭლის რეცხვა და ამის გამო გვქონდა პრობლემა.

კულინარია მიყვარს, რადგან შემოქმედებითი პროცესია. ჭურჭლის რეცხვა კი მძიმე შრომაა და ამის გამო იყო ხოლმე დიდი ამბავი.

– ქმარს არეცხინებდით?

– ვაგროვებდი, რომ დღეში ერთხელ მაინც დამერეცხა. ამბობდა, რატომ აგროვებ, შენი თეფში მაინც გარეცხეო. ახლაც აქტუალურია ეს საკითხი. ოღონდ ჭურჭელი არ დამარეცხინო და თუნდაც სტუმარმა დარეცხოს. ჩემი ქმარიც რეცხავს. მიჩვეულია, რადგან 15 წლიდან ამერიკაში ცხოვრობდა – სკოლიდან გაცვლითი პროგრამით წავიდა. ამერიკულ ოჯახში ცხოვრობდა.

მე რომ გავიცანი, ყველაფრის კეთებას იცოდა და ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ უნდა შრომობდეს ოჯახში მონასავით. სასაცილოა, მაგრამ დღემდე არ გვაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა. არ ეტევა სამზარეულოში და…

ტრენინგებს რომ ვატარებ და მეკითხებიან, საიდან დავიწყოთ ქალთა უფლებების დაცვაო, ვეუბნები სახლიდან, ჭურჭლის რეცხვიდან დაიწყეთ-მეთქი. 50 წლის კაცს, რომელსაც ცხოვრებაში ჭურჭელი არ დაურეცხია და უცებ ეტყვი, ახლა შენ დარეცხეო, ისეთი ჩხუბი შეიძლება ატყდეს…

სულ ვეკითხები ქალებს, თქვენმა ბიჭმა ჭურჭლის რეცხვა იცის-მეთქი. აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ ასწავლიან. თქვენ თუ არ მოგწონთ, რომ ქმარი არაფერში გეხმარებათ, ელემენტარულად ჭურჭლის რეცხვაც არ იცის და თქვენს შვილს ამას არ ასწავლით, მაშინ საიდან მოვლენ კაცები, რომლებმაც სახლის საქმე იციან-მეთქი.

– თქვენმა 10 წლის ვაჟმა იცის ჭურჭლის რეცხვა?

– ჯერ ჭურჭლის რეცხვა არ იცის. მსხვრევად ნივთებს არ ვაკარებთ, რადგან არც ისე მოხერხებულია მათთან, მარამ იცის საკუთარი ლოგინის გასწორება, რომ თავისი თეფში უნდა აიღოს და ნიჟარაში ჩადოს, საკუთარი ნივთები და სათამაშოები თავად დაალაგოს. ეტაპობრივად ყველაფერს ისწავლის. აუცილებლად ვასწავლი საჭმელების კეთებას.

ბევრი კაცია გაწამებული, რომ არაფრის მომზადება შეუძლიათ და, როცა საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდიან, ძალიან წვალობენ და კარგად ვერ იკვებებიან. ჩემი ყოფილი თანმამშრომლები ქუთაისში, პარლამენტში რომ გადავიდნენ სამუშაოდ და ოჯახები თბილისში დარჩათ, სასწაულ დღეში იყვნენ – მხოლოდ ძეხვით და ფენოვანი ხაჭაპურით იკვებებოდნენ.

digest.pia.geскачать dle 12.1
  • 11-06-2018, 12:53
  • 409

კომენტარის დამატება