Techtunes

კახა კალაძე: ხდება ამ ოჯახის ტრაგედიით მანიპულირება, ცდილობენ გარკვეული დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში

image
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ოჯახებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ფაქტია ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება. თქვენ იცით, რომ სასამართლომ დღეს გამოიტანა განაჩენი. არის ორი დამნაშავე - ერთს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს - 9 წელი და 9 თვე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სწორი ნაბიჯი უწოდა ირაკლი შოთაძის გადადგომას და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით დარჩენილ დამატებით შეკითხვებს საპარლამენტო კომისიისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად პასუხი გაეცემა.

„რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, მთავარი პროკურორის გადადგომა მისი მხრიდან სწორი, კაცური ნაბიჯი იყო. როგორც კი გაჩნდა კითხვები მაშინვე მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა თუ არსებობს რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, იცით რომ შექმნილია საპარლამენტო კომისია, რომელიც აუცილებლად დაიწყებს მუშაობას ამ კონკრეტულ საკითხზე, ასევე, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, როგორც პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო და თუ არის რაიმე დამატებითი კითხვები დარჩენილი, ყველა კითხვას აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აშკარად ჩანს, რომ მომხდარი ტრაგედიის მანიპულირება ხდება.

„ჩვენ ვხედავთ და აშკარად ჩანს, რომ კონკრეტული ძალების მიერ ხდება ამ თემით - ოჯახის ტრაგედიით მანიპულირება, რაც ძალიან სამწუხაროა. ცდილობენ გარკვეული დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში და მინდა ვუთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ, რა თქმა უნდა, გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ იმ პირებს, იმ ძალებს, რომლებსაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა შემოტანონ, ამის უფლებას არ მივცემთ. ხელისუფლება იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“ - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინდელ აქციაზე ზაზა სარალიძის თანადგომის გამოსახატად მივიდა.

„პრემიერი მისული იყო იქ, რომ გამოეთქვა თანადგომა ზაზას მიმართ, მაგრამ იქ მდგომმა ადამიანებმა არ მისცეს ამის საშუალება და საზოგადოება ნათლად ხედავს მათ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, გამოაშკარავდა თუ ვის როგორ უნდა ამ ტრაგედიის გამოყენება, თუმცა ჩვენ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ამ ადამიანის, ამ ოჯახის გამოყენების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

primetime.geскачать dle 12.1
  • 1-06-2018, 19:26
  • 208

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image