Techtunes

როგორ იყენებდნენ წითელ ღვინოს ხალხურ მედიცინაში?

image
საქართველოს მიწა მრავალ არქეოლოგიურ საიდუმლოებას ინახავს, რომლის დიდი ნაწილი მევენახეობისა და მეღვინეობის დიდ კულტურას უკავშირდება. სამარხებში აღმოჩენილი სხავდასხვა სახის ქვევრის, ფიალის, დოქის, საწნახელის თუ სხვა ღვინოსთან დაკავშირებული ნივთის ნაშთები ნათლად მოწმობენ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობას ათასწლეულების წინაც მისდევდნენ და ეს კულტურა ყოფა-ცხოვრების მუდმივი ნაწილი იყო. აღსანიშნავია რომ, ძველი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა ასევე ინახავს საქართველოში ღვინით მკურნალობის, ანუ ენოთერაპიის საიდუმლოებებსაც.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, საქართველოში ერთ-ერთ უძველეს, ნატურალურ სამკურნალო საშუალებად ყურძნის ღვინო ითვლებოდა. ცნობილია რომ, ღვინის სამკურნალოდ გამოყენებას უძველესი ტრადიცია აქვს. ჰომეროსი "ილიადაში" ორ მეომარ ექიმს იხსენიებს - მახაონსა და პალადირს, რომლებიც დაჭრილებს ღვინოს ასმევდნენ, აგრეთვე ღვინით უმუშავებდნენ ჭრილობებს. ცნობილი რომაელი ექიმი კლავდიუს გალენა დაჭრილი გლადიატორების სამკურნალოდ კი ღვინის ხსნარში დასველებულ საფენებს იყენებდა.

ბუნებრივია, რომ ვაზისა და ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, საქართველოშიც, ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიციას საუკუნოვანი ფესვები გააჩნია, რასაც როგორც ეთნოგრაფიული მასალა, ისე წერილობითი წყაროებიც ადასტურებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინით მკურნალობა მევენახეობის გავრცელების ზოლშია მოქცეული, თუმცა ვაზის კულტურა არც მთის მოსახლეობისთვის იყო უცხო - მათ ბარში ჰქონდათ "ხატის ვენახები".

მედეა ბურდულის კვლევის მიხედვით, ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინოს მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. იგი გამოიყენებოდა როგორც პროფილაქტიკური, მასტიმულირებელი და სამკურნალო საშუალება მრავალი სხვადასხვა სახის (ბავშვთა ასაკში გავრცელებული ზოგიერთი სახის დაავადებების "სიმჭლე", "საყმაწვილო"; გინეკოლოგიური, ტრამვული, თერაპიული და სხვ.) დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც ცალკე, ისე სხვა ინგრედიენტებთან (რთული შემადგენლობის წამლებში) ერთადაც. ასევე მრავალფეროვანია ღვინით მკურნალობის სპექტრი ძველი ქართული სამედიცინო ხელნაწერების მიხედვითაც.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ღვინოს მცირე დოზებით აძლევდნენ ადამიანს უმადობისა და სისუსტის დროს. უძველეს წერილობით ცნობას, ღვინის ბიოგენური სტიმულატორად გამოყენების შესახებ ვხვდებით V საუკუნის ლიტერატურულ ნაწარმოებში "შუშანიკის წამება". იაკობ ხუცესი სთხოვს შუშანიკს, რომ მან საკვებად ღვინოში ჩამბალი პური მიიღოს. "მაშინ მივიღე მცირედ ღვინო და პური. დავალბე და მცირედ გემო იხილა" (იაკობ ცურტაველი).

კარაბადინების მიხედვით სხვადასხვა დაავადებების დროს ღვინო განსხვავებული წესით გამოიყენებოდა: "ღვინითა შეზილოს" (მაგ. მალამო), "ღვინითა დაალბოს", "ღვინო წყალსა გაურიონ", "ორთქლი ღვინისა", "ცოატი ღვინო დიდსა წყალსა გაურიონ" და სხვა. ანალოგიურია ღვინის სამკურნალოდ გამოყენების გზები ხალხურ მედიცინაშიც. მკურნალობენ სუფთა ღვინით, წყალგარეული ღვინით, ღვინის ორთქლით ღვინოზე ცივად შეზელილი წამლით. ზოგიერთ დაავადებას, მაგ: ტრამვულს (ჭრილობა, მოტეხილობა დამწვრობა და სხვ.) ალკოჰოლიანი ღვინით მკურნალობდნენ, ზოგიერთს კი (ბავშვთა, გინეკოლოგიური, თერაპიული) "დადაღული" ან "მოხარშული" ღვინით. ხალხის დაკვირვებით ასეთი ღვინო სიმაგრეს (ალკოჰოლს) კარგავს, სხვა ყველა სასარგებლო თვისებას კი ინარჩუნებს.

აღსანიშნავია რომ, ხალხურ მედიცინაში ხშირად წითელ ღვინოს იყენებენ, რადგან მას უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. კარაბადინების მიხედვით კი სამკურნალოდ ყველანაირი ღვინო გამოიყენებოდა, უფრო კი "ძუელი ღვინო". ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის კარაბადინში ვხვდებით ღვინოზე შემზადებული წამლის სხვადასხვა ფორმებს - მალამოს, ნახარშ წამალს, შესანახ აბებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში წყალში გახსნილს აძლევდნენ ავადმყოფს.

allwine.geскачать dle 12.1
  • 29-05-2018, 11:31
  • 160

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image