"ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა..." - როგორია ნუცა შანშიაშვილის ამერიკული ცხოვრება » ბევრი გასაზიარებელი პოსტი ერთ სივრცეში
Techtunes

"ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა..." - როგორია ნუცა შანშიაშვილის ამერიკული ცხოვრება

image
ქართველი ვარსკვლავის ამერიკული ცხოვრება მომღერალი ნუცა შანშიაშვილი თავისი ამერიკული ცხოვრების, შემოქმედებითი სიახლეების, შვილის - ნიკუშას შესახებ და დიასახლისურ-კულინარიულ თემებზე გვესაუბრა.

- ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ძალიან საინტერესოდ მიდის. ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკის მერიამ და ადმინისტრაციამ კონცერტზე ჯილდო გადმომცა - ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნიუ-იორკის პოლიციამ დამაჯილდოვა, როგორც ქალაქის საპატიო წევრი. გარდა ამისა, ვლადიმერ ვისოცკის 80 წლის აღსანიშნავი იუბილესთვის გააკეთეს ქანდაკება - ხელი, რომელსაც აწერია - "Vysotsky Legacy Award" და აღნიშნეს, რომ მისი სიმღერა, რომელსაც მე ვმღერი, ქალებიდან ასე კარგად არავის შეუსრულებიაო...

ახალ სიმღერებს ვწერ, ვმუშაობ, სოლო კონცერტისთვის ვემზადები - "მე და როიალი". მანჰეტენზე მექნება - "პიანო ლავ სტორი", ეს ერთი და მეორე - ჯაზის ვარსკვლავებთან ერთად, ახალ პროგრამას ვამზადებ. ჩემი მეგობარი - ბელლა გურფელი, რომელიც ცნობილი ინჟინერია, ჩემთან ერთად, "ნუცას სტუდიოს" ხსნის, სადაც ბავშვებს ნიჭიერი პედაგოგები ასწავლიან. რაც შეეხება ფერწერას, ახალი კონცერტისთვის ახალ ნახატებს "ვაკეთებ", თითოეული სიმღერა ნახატით მინდა წარმოვადგინო, დიდ ეკრანზე იქნება და წესით, ლამაზი უნდა გამოვიდეს.

- სტერეოტიპი, რომ საქმიან ქალს ოჯახის საქმე არ გამოსდის, თითქოს ნელ-ნელა ინგრევა. დაოჯახებულ ქალბატონებს, რაც უნდა წარმატებული იყვნენ, მაინც უწევთ კერძების კეთება, სახლის დალაგება. თქვენ როგორი დიასახლისი და კულინარი ხართ?

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის კეთება ზოგჯერ მეც მიწევს. კულინარიას ისე ვუდგები, როგორც ხელოვნებას. მიყვარს რაღაცების მოგონება, შექმნა, ახალ-ახალ კერძებს ვსწავლობ და როცა დრო მაქვს, ცხადია, ვამზადებ. თუმცა, ეს ხშირად ვერ ხერხდება, რადგან ძალიან დაკავებული ვარ. ცხოვრებაში იმდენი რაღაც მაქვს გაკეთებული, რომ ამის ფონზე, ალბათ გასაკვირიც იქნება ვთქვა, ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მაგარი და მოხერხებული დიასახლისი ვარ-მეთქი. ძირითადად, ყველაფერში დედა მეხმარება და ბავშვისთვისაც ის ამზადებს კერძებს. ნიკუშას ძალიან უყვარს კატლეტი, მაკარონი, შემწვარი კარტოფილი, კანფეტი, ნაყინი, ტორტი, ნამცხვარი და ისეთი საჭმელები, რაც ბავშვებს მოსწონთ. დედასავით, რესტორანში სიარული უყვარს (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობთ, შედარებით ნაკლები ტკბილეული მივცეთ, რადგან ვიცით, მავნებელია. დედაჩემი ზრუნავს, ჯანსაღი საკვები აჭამოს. მეც ასე გამზარდა - ხელით გამოწურულ წვენს მასმევდა და ნიკასაც უწურავს ხილს, ბოსტნეულს. მე ახლაც ასე ვარ, რაიმე "ფრეში" რომ არ დავლიო ყოველდღე, არ შემიძლია...

- რა ინტერესები აქვს 5 წლის ნიკუშას?

- მატარებლებზე გიჟდება და ხელოვანების ოჯახში დაბადებულს, რატომღაც გადაწყვეტილი აქვს, რომ კონსტრუქტორი, ინჟინერი და მშენებელი გახდეს, გზები და მატარებლები ააშენოს ან საერთოდ, დისპეჩერად იმუშაოს მეტროში (იცინის). იმდენად უყვარს, რომ ზოგჯერ მეტროში შემიყვანს და ვდგავართ ასე, მატარებელს ველოდებით, როდის მოვა, რომ ჩავსხდეთ, გავისეირნოთ, მერე უკან მოვბრუნდეთ და ვნახოთ, ეს მატარებელი სად მიდის და ა.შ. ცივა თუ ცხელა, არ აინტერესებს. პარკში ბევრი გასართობია, საქანელებზე ქანაობა კი არ აინტერესებს იმდენად, უყურებს, რკინები როგორაა ერთმანეთზე გადაბმული, რა "შურუპებითაა" დამაგრებული, კონსტრუქცია აინტერესებს. საოცარ დეტალებს აკვირდება, საინტერესო ბავშვია. ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა, ოჯახის წევრია დაჯი. ნიკუშა ამბობს, ისეთი მატარებელი უნდა ავაშენო, დაჯიკო ჩაჯდეს და თბილისიდან პირდაპირ ნიუ-იორკში გამოფრინდესო (იცინის). გაისად სკოლაში მიდის და წინასასკოლო მოსამზადებელ ბაღში დადის, სადაც ძალიან კარგი აურაა, სხვანაირი ბავშვები არიან, შინაგანად გაცისკროვნებული, უბოროტო.

- რთულია იყო კარგი დედა?

- რთული შეკითხვაა... შემეძლო ისევ ისე მევლო, როგორც მთელი ცხოვრება დავდიოდი - ხან მოსკოვში, ხან თბილისში, ნიუ-იორკში, პარიზში, თან გასტროლები, შეხვედრები და ა.შ. ცხოვრების ამ ეტაპზე, მინდა თუ არა, ნიუ-იორკში უნდა ვიყო, ნიკა აქ უნდა გაიზარდოს. ბავშვს მაქსიმალურად უნდა გავუკეთო ყველაფერი და მერე უკვე, თავისი ცხოვრება ექნება. სანამ პატარაა, ვეცდები, კარგი განათლება მივცე; სითბო, სიყვარული, გვერდში ყოფნა ვაჩუქო, ისევე, როგორც ყველა დედა აკეთებს.

- დედათქვენი - მზია მაღლაკელიძე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. რას გაიხსენებთ თქვენი ბავშვობიდან?

- პრემიერა და სპექტაკლი ისე არ დამთავრდებოდა, ჩვენთან ვარსკვლავები არ მოსულიყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ლია გუდაძე, იზა გიგოშვილი, ზინა კვერენჩხილაძე. სულ ვარსკვლავების ცვენა იყო. სუფრა იშლებოდა და ისეთი ქეიფი იწყებოდა, მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ დაძინება არ მინდოდა და ღამის პერანგით ვიდექი კართან, ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი მათ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ჩვენთან სულ ჟრიამული იყო, ერთობოდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ, ლექსებს ამბობდნენ, ხუმრობდნენ, ღადაობდნენ, ანეკდოტებს ჰყვებოდნენ და ა.შ. ნანული სარაჯიშვილისა და ცხონებული გია ფერაძის ღადაობები იყო ისეთი, პატარა ბავშვი რომც ვერ ჩავწვდომოდი ხუმრობას, მაინც მეცინებოდა, ისე ჰყვებოდნენ. უნიკალური და ნიჭიერი ხალხის ულამაზესი საღამოები იყო.
"ქართველი ძიძა გვყავს, ჩემი დასავითაა..." - როგორია ნუცა შანშიაშვილის ამერიკული ცხოვრება


- აშშ ცნობილია გემრიელად მომზადებული ზღვის პროდუქტით, ოკეანეში ახალდაჭერილი თევზეულით, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ამერიკული პროდუქტი უხარისხოა. ასეა?

- ზღვის პროდუქტი მართლაც უგემრიელესია და უხვადაა, ყველანაირია - მედუზით დაწყებული, კრევეტები, რვაფეხები და ა.შ. თუმცა, ჩინელი გინეკოლოგი მყავს - ალექს მეი და როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი, მითხრა, თევზის ჭამას არ გირჩევო, რადგან ოკეანის თევზი მართალია, გემრიელია, მაგრამ ბინძურიცო. ჩვენ რაც გვაქვს საქართველოში - მდინარის თევზი, ის გაცილებით სუფთა და სასარგებლოა... რაც შეეხება სხვა პროდუქტს, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ამერიკული უხარისხოა. თვალებზე ბინდი აქვთ გადაკრული? ქართული პომიდვრის ჭამას არაფერი მირჩევნია, მაგრამ აქაცაა კარგი და ხარისხიანი. მაგალითად, აქ როგორ კატლეტსაც ვამზადებ, თბილისში ისეთი არ გამომდის. ფარშს ყიდულობ, რომელიც სუფთაა და იცი, არ მოიწამლები, ძაღლი ან სხვა ცხოველი არაა გატარებული... ერთმანეთში ვურევ ხბოს, ინდაურის, ქათმის ფარშს და რბილი კატლეტი გამოდის. თვითონ ამერიკული "ფუდი" რაც არის, შენ თუ ფუნთუშებსა და ჰამბურგერებს, გაზიან სასმელებს ანიჭებ უპირატესობას, რა თქმა უნდა, ყველგან გასუქდები. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მეც მიმიწევს გული ასეთი საკვებისკენ. თუმცა, უფრო იაპონური კერძები მიყვარს. თბილისში იაპონურ რესტორნებში მეგობრებთან ერთად რომ მივდივარ, სოლიდარობის გამო ვჭამ, თორემ აქაურს ვერც შეედრება, იმდენად დიდი განსხვავებაა. იაპონური საკვები ყველაზე ჯანმრთელია და ამიტომაცაა, რომ დიდხანს ცოცხლობენ, წნევა, "მარილები" და "შაქარი" არ აწუხებთ.


- ამერიკელები ჩვენსავით გურმანები არიან?

- კი. მაგალითად, შეხვალ სტეიკ-ჰაუსში, სხედან გემრიელად გაშლილ სუფრასთან, ქეიფობენ, მაგრამ გადამეტებული რაღაცები არ აქვთ. ულამაზესი ქართული სუფრა რომ "დაიყრება", აქ ეგრე არ იციან. სადღეგრძელოებს არ ამბობენ, ჩინ-ჩინ - მიაჭახუნებენ ჭიქას და დალევენ. საქართველო ჩემპიონია ჭამა-სმასა და ქეიფში. ასეთი მეორე ქვეყანა არ მეგულება მსოფლიოში.

- ნაცნობებს ოჯახში თუ ეპატიჟებით, რათა ქართული კერძებით გაუმასპინძლდეთ?

- ამის დრო, სამწუხაროდ, ნაკლებად მაქვს, მაგრამ ჩემი შვილის ნათლია - ბადრი ცხადაია, რომელსაც ბრუკლინში ძალიან ცნობილი რესტორანი აქვს, "პირდაპირ ხაზზეა". ბადრიმ საჭმლის გემო და ყადრი კარგად იცის და შესანიშნავ კერძებს ამზადებს. როცა სტუმარი მყავს, მასთან მიმყავს, თორემ ვინმეს სახლში დაპატიჟების, კერძების მზადებისა და გამასპინძლების დრო ნამდვილად არ მაქვს. საერთოდ, ამერიკელებს ქართული კერძები ძალიან მოსწონთ.


- საყიდლებზე თქვენ დადიხართ?

- პროდუქტების საყიდლად უფრო ხშირად, მე დავდივარ. კარგად ვარჩევ, სიარული და ყიდვა ძალიან მიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს, ტანსაცმელი იქნება ეს თუ საკვები. აქ ბაზრობებიცაა. მე სადაც ვცხოვრობ, ბრუკლინში დიდი მარკეტი-ბაზარივითაა გახსნილი, სადაც ათასგვარი მაღაზიაა და გამოყრილია ყველაფერი, თევზი იქნება, ხილი, ბოსტნეული თუ სხვა რამ. რაც გინდა, სულო და გულო, აირჩიე.

- ნიუ-იორკი რა არის თქვენთვის?

- ნიუ-იორკი ჩემთვის არის ენერგია, მომავალი, ახლის იმედი, მუსიკა, ჯაზი, თავისუფლება და ყველაზე მთავარი - ეს არის ის ქალაქი, სადაც თუ რამე გინდა, აკეთო, ხელს არავინ გიშლის, ქვეყანა გეხმარება და მიუღწეველს შეგიძლია მიაღწიო ისე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ. ძალიან მაგარი ქალაქია, მაგრამ საშიშიც არის: ფეხი თუ აგიცდა და არასასურველ წრეში მოხვდი, შეიძლება ისე გაგაქრონ, ვეღარავინ გიპოვოს.

- აღდგომის დღესასწაულს როგორ აღნიშნავთ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები?

- სულ ვამბობ, ბედნიერი ვარ და რაღაც ჯადოსნური ბედ-იღბალი მაქვს-მეთქი: თბილისში სახლის წინ ეკლესია მაქვს, ფანჯრიდან რომ ვიყურები, სამებაც კი ჩანს; მოსკოვშიც ტაძართან ვცხოვრობ და ნიუ-იორკში, ერთი წლის წინ რომ გავიგე, სახლის წინ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიშენებდნენ, სიხარულისგან სიცილი ამიტყდა. ბედნიერებაა! ნიუ-იორკში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაა, მაგრამ მსახურები ახალგაზრდა ქართველი მღვდელი და მისი მრევლია. რა თქმა უნდა, ვიზეიმებთ ისევე, როგორც თბილისში ხდება - პასქაც გვექნება და წითელი კვერცხებიც.

მინდა, ნიუ-იორკიდან მივულოცო აღდგომის დღესასწაული ჩემს ულამაზეს, უსაყვარლეს, ჩემს გულს, სულსა და სიყვარულს - თბილისს. მსურს ყველას გისურვოთ დიდი ბედნიერება, ღვთის წყალობა, სიმშვიდე, მზიანი, უღრუბლო ზეცა და რაც მთავარია, ჰარმონიულად ყოფნა საკუთარ თავთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

gza.kvirispalitra.geскачать dle 12.1
  • 22-04-2018, 22:42
  • 1 053

კომენტარის დამატება