Techtunes

"დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ბევრმა გამიცნოსო...ეს სევდა როგორ გამომრჩა?!"

image
ხორავას ქუჩაზე თანატოლების მიერ მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა და დეიდა 16 წლის ბიჭისა და ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შესახებ "სარკესთან" პირველად საუბრობენ.

ლევანის დედა, ნათია საყვარელიძე ამბობს, რომ მისი შვილი საოცარი ენერგიის პატრონი იყო.

თამარ საყვარელიძე (დეიდა) იხსენებს, რომ ბოლო პერიოდში მისი დისშვილი დადინჯდა, ოჯახმა კი ეს ასაკის მატებას დაუკავშირა.

"სულ ვფიქრობდი, ხომ არ გამომრჩა-მეთქი მისი სევდა. 9 წელი მისი კლასის კარებთან გავატარე. ძალიან კარგი კლასი ჰყავდა, სიბოროტე არცერთს ჰქონია. არც ის მოგვისმენია, რომ ამ ბავშვებს შორის კონფლიქტი ყოფილიყო. მეშინოდა, თამაშ-თამაშში ვინმეს არ დაერტყა და მერე ამასაც იგივე არ გაეკეთებინა. ჩხუბში შუაში დგებოდა. ამბობდა, ყველაზე მეტი მე მომხვდა, შუაში რომ ჩავდექიო... ხმაურიანი და ქოთქოთა იყო, მაგრამ გულჩვილი. გოტოებზე რომ ვუყურებ ახლა, როგორი სევდიანია. ეს სევდა როგორ გამომრჩა?!"- ამბობს გამოცემასთან ლევან დადუნაშვილის დედა.

ნათია საყვარელიძის თქმით, მშობლებს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავდათ.

"იმ დღეს (მკვლელობის დღეს) და, საერთოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში არანაირი შეგრძნება არ მქონია. პირიქით, ვამბობდი, მგონი ახლა ცოტას დავისვენებ-მეთქი... საოცრად გულწრფელი იყო. ვთვლი თავისმა გულწრფელობამ დაღუპა"- უთხრა ჟურნალისტს მოკლული ბიჭის დედამ.

ნათია საყვარელიძე ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებსაც აღწერს.

"ლევანი როგორც კი შევიდა იმ თაღში, სადაც სარალიძეს ურტყეს, მაშინვე დამნაშავეებს შეეჯახა. სავარაუდოდ, გაქცეული მობრუნდა ლევანისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს მკვლელთან არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია. 6 თვე ვიჯექი სასამართლოზე და სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი, რატომ მობრუნდა დამნაშავე და რატომ ჩაარტყა ჩემს შვილს"- თქვა ნათია საყვარელიძე.

დადუნაშვილის დეიდა კი "სარკესთან" აღნიშნავს, რომ "ლევანი ცოტა გულუბრყვილო იყო, სხვამ ზუსტად იგრძნო სად დადგა კრიტიკულ მომენტში ამან - ვერ".

"ჩემსავით ემოციური იყო, როცა ადამიანი გონებით ფიქრობს, ის ყოველთვის მოგებული რჩება. როცა ემოციით მიდიხარ... ხომ ვიცი, დაინახა, არ მოეწონა, გაგიჟდა და... თუ მან დაინახა სარალიძე რა მდგომარეობაში იყო - ბავშვი იდგა და სისხლი სდიოდა, დამნაშავეები თუ გარბოდნენ და ვინმემ დაიძახა, არ გაუშვათ, ლევანი აუცილებლად დასტაცებდა ვინმეს ხელს, შეიძლება ამიტომაც მობრუნდა მისი მკვლელი....

მამამისი ამბობს, სულ ჰქონდა ლევანის დაკარგვის შიში. მე არ მქონდა. საავადმყოფოში რომ შევედით და კივილი გავიგონე, მაშინაც არ მჯეროდა, რომ ეს მე მეხებოდა"- განაცხადა ნათია საყვაელიძემ.


"ლევანი ერთხელ მეუბნება, დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ბევრმა ადამიანმა გამიცნოსო. მაშინ ძალიან დავიბენი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კითხვას თავად გასცა პასუხი..."- აცხადებს შვილმოკლული დედა.

სიხარულიძე პირველი დეკემბრის დღეს იხსენებს, როცა მან საკუთარი ვაჟი ცოცხალი ბოლოს ნახა:

"მე ნაკლებად ვეფერებოდი, სულ მეშინოდა თავს არ გაუვიდეს-მეთქი და როცა ეძინა, მაშინ ვეფერებოდი. იმ დილას სამზარეულოდან გამოვიხედე და ისეთი ლამაზი იყო...ვერ მოვითმინე და ლოყაზე მივეფერე. რა გჭირსო, მითხრა. არაფერი დე, მოგეფერე-მეთქი. მითხრა, მაშინ მეორე ლოყაზეც მომეფერეო. მივეფერე და ასე გაუშვი"- განაცხადა ნათია სიხარულიძემ.

newposts.geскачать dle 12.1
  • 11-06-2018, 15:07
  • 707

კომენტარის დამატება

პოპულალური
Image